საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ისრაელს შეწყვიტოს ღაზის სექტორის დაბომბვა, რომლის დროსაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. ამასთან, მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი კატეგორიულად გმობს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ ტერაქტებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„დე ფაქტო - დღეს იბომბებიან მშვიდობიანი მოქალაქეები - დე ფაქტო. ეს ბავშვები, ეს ქალები, ეს მოხუცები აღმოჩნდნენ დაბომბვის ქვეშ და იღუპებიან. ამას არანაირი საფუძველი და გამართლება არ აქვს. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს გაჩერდეს“, - თქვა მაკრონმა.
შეკითხვაზე, არღვევს თუ არა ისრაელი საერთაშორისო სამართალს, მაკრონმა უპასუხა, რომ მისი საქმე არ არის ამაზე მსჯელობა.
მაკრონი აღიარებს ისრაელის თავდაცვის უფლებას, მაგრამ ამავე დროს მიაჩნია, რომ ცეცხლის შეწყვეტა მომგებიანი იქნება, მათ შორის თავად ისრაელებისთვისაც.
„ამიტომ მოვუწოდებთ მათ შეაჩერონ ეს დაბომბვები“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.