„მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, მაგრამ ეს ცხრა წინაპირობა არის გასაკეთებელი, ჩვენ ხომ იცით, რომ გამკეთებლები ვართ, მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა უმოკლეს ვადაში შესრულდება“ -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემულ 9 რეკომენდაციას გამოეხმაურა.
ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაცია ქართველი ხალხის დამსახურებაა, რასაც ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვებიც ადასტურებს.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დამატებით 9 რეკომენდაციის შესრულება აუცილებელია, რასაც „ქართული ოცნება“ არ განახორციელებს:
„გილოცავთ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაბეტონდეს დეკემბერში, საქართველომ კანდიდატის სტატუსზე მიიღო პოზიტიური რეკომენდაცია და პირველ რიგში, თქვენ გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო, როგორც ქალბატონმა ურსულამ თქვა, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა ეს ყველაფერი და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მოუსმინონ ქართველ ხალხს. ოპოზიცია - ყოჩაღ, სამოქალაქო სექტორი - ყოჩაღ, ხელისუფლება - მოუსმინე ქართველ ხალხს , ეს არის მთელი შინაარსი.
რაც შეეხება მთავარ საკითხს, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვეს, მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, მაგრამ ეს ცხრა წინაპირობა არის ჩვენი გასაკეთებელი და მთავარი არის ის, რომ მომავალი, 2024 წლის არჩევნები გეოპოლიტიკური არჩევნებია. რა გზას ირჩევს საქართველო: ამ 9 რეკომენდაციის შესრულებით ევროკავშირის წევრობას, თუ ისევ ჭიდაობას და იმ მაიმუნობას, რასაც ჰქონდა ადგილი „ქართული ოცნების“ მხრიდან. მთავარი - ვინ არის ამ პირობების შემსრულებელი? ჩვენ ხომ იცით, რომ გამკეთებლები ვართ - მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა უმოკლეს ვადაში იქნება შესრულებული, ყოველგვარი პრობლემის გარეშე.
„ქართული ოცნება“ კვლავ დაიწყებს ჭიდაობას, რომ ცხრა პირობა არ უნდა შეასრულოს და რატომ არის „ქართული ოცნება“ ასეთი დამწუხრებული? მათაც კარგად იციან, რომ ამ ცხრა პირობის გამკეთებლები ისინი არ არიან და დიაგნოზს ამ ყველაფერს საზოგადოება აუცილებლად დაუსვამს.
წინ დიდი გამარჯვებისკენ! პირველი ნაბიჯი გადადგმულია, დეკემბერში იმედი მაქვს ჩაბეტონდება და ყველაზე დიდი გამარჯვება, რაც უნდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, დარწმუნებული ვართ იქნება 2024 წლის არჩევნებში, რომელიც ამ პირობებიდან მესამე მნიშვნელოვანი პირობაა.“ - განაცხადა ვაშაძემ.