ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას, ეს არის ჩვენი პასუხი ყველა მის უღირსობაზე და ეს არის ყველას გამარჯვება ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა და დღევანდელ დღეს, სინამდვილეში, აქ არიან, ჩვენთან ერთად არიან იმიტომ, რომ ამ დღისთვის იბრძოდნენ, - ამის სესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ გამართულ შეკრებაზე განაცხადა.
„გილოცავთ ჩემი თანამემაულენო - აქ, საქართველოში და ვინც საზღვრებს მიღმა ხართ, გილოცავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა მაცხოვრებელს, რამეთუ, ერთი რამე ნამდვილად ვიცი - ჩვენი ევროპული მომავალი თქვენი მომავალიცაა.
გილოცავთ, რამეთუ ეს დღე თქვენ გეკუთვნით, ეს დღე საქართველოს მიღწევაა, დღეს მე ნამდვილად მიხარია და დღეს ჩვენ ყველას ერთად გვიხარია.
ეს დღე ჩვენი წინაპრებისაა, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიისა და წინსვლისთვის იბრძოდა და სიცოცხლეს შესწირეს.
ეს დღე აუცილებლად ილიასია, რადგანაც დღეს მისი დაბადების დღეა, მაგრამ ეს დღე ასევე აკაკისაა, ნიკოსი, ვაჟასი, სულხან საბასი, ერეკლესი და და, და... არ შემიძლია, ყველა ჩამოვთვალო, იმიტომ, რომ ეს დღე ყველასი ერთად, ვინც საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ფორმით იზიარებდა ამ უდიდეს მისწრაფებას, რომ საქართველო გამხდარიყო იმ ცივილიზებული ოჯახის წევრი, რომელსაც ჰქვია ევროპა, ევროპული ცივილიზაცია, ევროპული კულტურა, ჩვენი კულტურის და იდენტობის საფუძველზე.
ეს დღე ზვიადის და მერაბისაა, ეს დღე ასევე ზურა ჟვანიასია და ამ ქვეყნის ყველა მეთაურისა, რომელმაც ამ დიდ საოცნებო საქმეში თავისი წვლილი შეიტანა, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად ეს დღე თქვენი დღეა, რამეთუ ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატვა ლხინსა და ჭირში, ომის, ოკუპაციის და სხვა ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა თავისი თქვა, თავისი გზა აირჩია და აღარ უყოყმანია ამ გზაზე. ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის, ჩვენი დაცულობის, ჩვენი მშვიდობის და ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გზაა, სხვა გზა კი მონობამდე და ჩვენი თავის დაკარგვამდე მიდის, ეს ქართველ ხალხს არ ესწავლება.
ეს დღე არანაკლებად იმათი დღეა, ვინც ამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და ამ დღეს ვერ დაესწრო, ვინც ამ ქვეყნის უსამართლო და ტრაგიკულ ოკუპაციას ემსხვერპლა, ყველას დღეა, რამეთუ ამ შეუპოვარ სამშობლოს სიყვარულზე დგას ჩვენი წარსულიც და ჩვენი მომავალიც. ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას, ეს ჩვენი პასუხი ყველა მის უღირსობაზე და ეს არის ყველას გამარჯვება, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა და დღევანდელ დღეს სინამდვილეში აქ არიან, ჩვენთან ერთად არიან, რადგან ისინი ამ დღისთვის იბრძოდნენ. და მე მინდა, შემოგთავაზოთ ახლა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ და მათი ხსოვნა იყოს ამ დღეს, ამ სიხარულში ჩვენთან ერთად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.