თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შეეცდება დააჩქაროს საპარლამენტო პროცედურები შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების რატიფიკაციისათვის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. იუწყება Anadolu.
შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ შეასრულა დაპირება და დაუშვა თურქეთში იარაღის ექსპორტი, თუმცა განაცხადა, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისი „ზომების ნაკლებობაა“.
ამასთან, თურქეთის ლიდერმა დასძინა, რომ შვედეთის წევრობის საკითხი განსახილველად პარლამენტს გადასცა, რისთვისაც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა.
ერდოღანმა არ გამორიცხა, რომ პარლამენტი ახლა პრიორიტეტს მიანიჭებს დაგეგმილ მოლაპარაკებებს 2024 წლის თურქეთის სახელმწიფო ბიუჯეტზე, ამიტომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განხილვა, შესაძლოა სწრაფად არ მოხდეს.
„თუმცა ჩვენ ვეცდებით შეძლებისდაგვარად შევიტანოთ წვლილი მუშაობაში {შვედეთის განაცხადის რატიფიცირებაზე ნატო-ში გაწევრიანების შესახებ}. ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად გამოვავლინოთ პოზიტიური ძალისხმევა ამ ეტაპზე“, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიკაციისთვის ოქტომბერში წარუდგინა.
ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განაცხადეს. 4 აპრილს ფინეთი ოფიციალურად გახდა ალიანსის 31-ე წევრი. შვედეთის გაწევრიანებას კი თურქეთი აფერხებდა. ერდოღანი აცხადებდა, რომ შვედეთი ჯერ მზად არ იყო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად, რადგან ნატო-ს ქვეყანას უნდა ჰქონოდა ძლიერი პოზიცია, როდესაც საქმე ეხება ტერორიზმთან ბრძოლას. თუმცა, 10 ივლისს, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის წინ, ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, შვედეთის გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა.