ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიის დღის აღსანიშნად სხვადასხვა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს უმასპინძლა.
სიტყვით მიმართვის შემდეგ პრეზიდენტმა სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა.
სტუდენტის კითხვაზე, რა რჩევას მისცემდით იმ დიპლომატს, იმ ახალგაზრდას, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს კარიერაში და რა რჩევას მისცემდით იმ პრეზიდენტს, რომელიც თქვენ შემდგომ გააგრძელებს ამ მოღვაწეობასა და საქმიანობას, პრეზიდენტმა აღნიშნა, „თუ არჩევანი არსებობს და რჩევა არსებობს, მე შემიძლია გირჩიოთ, რომ ამაზე საინტერესო და მით უფრო დღევანდელ დღეს მემგონი სხვა პროფესია“.
„დიპლომატიის ნაწილში ძალიან მარტივია. მე მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც მე მივიღე პირველად რჩევად, როცა მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე გამიშვეს საერთაშორისო კონფერენციაზე. ეს იყო ვენაში, ეუთო-ს ფარგლებში და ვინც იქ ჩემი წინამორბედი იყო, იქ ჩემამდე მოღვაწეობდა, მან მითხრა, მე ვერანაირ რჩევას ვერ მოგცემო, მაგრამ ერთადერთი მოლაპარაკებებში შენ შეგიძლია, ყველაფერი გამოიყენო, რაც გაქვს – ნიჭი, როგორც თეატრში, თუ შეგიძლია, იტირო – იტირე; თუ შეგიძლია, გაიცინო – გაიცინე, იუმორი გამოიყენე, ცოდნა გამოიყენე და ყველაფერი. თავისუფალი სივრცეა, სადაც მართლა შეიძლება, შენით და შენი ინიციატივით ჩაატარო ეს მოლაპარაკებები. ცხადია, ეს არ ნიშნავს თავნებობას, რადგან მოლაპარაკებებში მთავარია ინსტრუქციებით მოქმედება და იმ ჩარჩოში უნდა ჩაჯდე. მაგრამ დანარჩენი ფორმა, რასაც მისცემ მოლაპარაკებებს არის სრულიად თავისუფალი. ამაზე საინტერესო პროფესია მემგონი არ არსებობს. იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად შეგიძლია ამით სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურო, ბოლომდე და სიღრმისეულად გაიცნო ქვეყნები, მათი მოსახლეობა და ისტორია. ასე რომ, თუ არჩევანი არსებობს და რჩევა არსებობს, მე შემიძლია გირჩიოთ, რომ ამაზე საინტერესო და მით უფრო დღევანდელ დღეს მემგონი სხვა პროფესია, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, არ არსებობს. რაც შეეხება პრეზიდენტს, მე ჩემს თავს ნამდვილად არ მივცემ უფლებას რომ მომავალ პრეზიდენტს რამე რჩევა მივცე იმიტომ, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხდები, როცა ხარ არჩეული, ისე იქნება თუ ასე, რა ფორმაც არ უნდა ჰქონდეს, ერთადერთი რამ უნდა გახსოვდეს ყოველთვის – შენ იმ დღიდან ხდები ყველას პრეზიდენტი. აღარა ხარ ვინმეს არჩეული, მასაც აღარ აქვს უფლება რომ გითხრას მე აგირჩიე, შენთვის ვირბინე, ის გავაკეთე, ეს გავაკეთე და აბა რას აკეთებ. შენ არჩეული ხარ ამ ძალიან რთულ ფუნქციაზე მოვალეობებით, ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობით და რაც შეიძლება შენს თავთან, შენ ქვეყანასთან და მის ინტერესებთან რაც შეიძლება მართალი უნდა იყო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში იქნება კომისიის დასკვნა, რომელიც ასახავს რეკომენდაციების მათ შეფასებას – რამდენად შესრულდა, არ შესრულდა.
„ჩემი მოლოდინით იქნება და მე არაფერი შიდა ინფორმაცია არ გამაჩნია, რადგან ამაზე არავინ ბოლომდე არაფერს ამბობს. ჩემი შეხედულებაა, რომ ჩვენ დიდი ალბათობით მივიღებთ სტატუსს, ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ მე ყველაფერი გავაკეთე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, არ მინდა მეტი ვილაპარაკო იმაზე ვინ მეტი გააკეთა და ვინ ნაკლები. იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ამას მივაღწევთ იმიტომ, რომ მე მგონი ჩვენმა პარტნიორებმა კარგად გაიგეს, რომ ჩვენთვის ამ კანდიდატურის არ მოცემა, რუსეთისთვის ერთგვარი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს და ამისი სურვილი არ არსებობს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას ძალიან ხაზგასმით, რომ არ შეიძლება წინასწარ იმის ძახილი, რომ უთუოდ მოგვცემენ. მე მაქვს იმედი, მაქვს რწმენა, რომ ჩვენ აქეთკენ მივდივათ და ეს უნდა იყოს წარმატებული, მაგრამ არ არის სწორი და არც არ არის ეთიკური, ვიტყოდი, ამის ძახილი, როცა ოცდაშვიდმა ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას აქვს დიდი მნიშვნელობა და ერთმაც რომ თქვას უარი, ეს იქნება უარი. ამის მიმართ იმის თქმა რომ ას პროცენტიანად გარანტირებულია, არის ან არ ცოდნა იმ სისტემის ან არასწორი. ასე რომ, ველოდოთ, ვიყოთ იმედიანად. კიდევ ერთხელ, ყველაფერი გავაკეთოთ და კიდევ გვაქვს გასაკეთებელი. მე რამდენიმე დღეში გეტყვით რას გავაკეთებთ ერთად და ამაზე ყველაფერს დეტალურად მომდევნო დღეებში გაიგებთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, როგორი მმართველობა უნდა იყოს საქართველოში საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ არასოდეს ამ ქვეყანაში არ ყოფილა გახსნილი დისკუსია, იმის შესახებ თუ რომელი რეჟიმი – საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო იქნებოდა საქართველოსთვის.
„ეს სრული დისკუსია არც პარლამენტში არ ჩატარებულა. მე ვიყავი მონაწილე იმ საკონსტიტუციო კომისიის და პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემა მოგვყვება პირველივე დღიდან, ვიტყოდი პირველი რესპუბლიკიდანაც ერთგვარად. ჩვენ ვცვლით რეჟიმებს და კონსტიტუციებს იმის მიხედვით თუ რა არ მოგვეწონა წინა მმართველებისგან, თუ პრეზიდენტი არ მოგვწონდა და თუ ზე-პრეზიდენტობდა, მაშინ გვინდა საპარლამენტო, ახლა პარლამენტი შეიძლება გუშინდელი და გუშინწინდელი ძახილების მერე ჩავთვალოთ რომ არ მოგვწონს ასეთი უხამსობა და გადავწყვიტოთ, რომ სხვა სისტემა გვირჩევნია. ეს არის ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი საკითხი, როგორც კიდევ ბევრი საკითხი გვაქვს კონსტიტუციაში. მე მაგალითად მიმაჩნია, ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ ჩვენ ორი პალატა გვჭირდება, ამიტომ სანამ მეორე პალატა არ იქნება, არ გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურად. დღესვე უნდა შეიქმნას, თეორიულად ვამბობ კიდევ ერთხელ, და ახლავე უნდა ვუთხრათ და ვაჩვენოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს რა იქნება მათი ადგილი იქ და დავტოვოთ მათი ადგილი ღიად, მაგრამ სისტემა შევცვალოთ იმისთვის რომ მივცეთ ამ ქვეყანას მეტი პოლიტიკური განვითარების საშუალება. 2006 წლიდან ვფიქრობდი ამას და არაფერი არ შეიცვალა. თუ არა ადგილობრივი დემოკრატია და თვითმმართველობა, თუ იქიდან არ წამოვიდნენ ახალი პოლიტიკოსები, მაშინ ვიტრიალებთ ამ წრეზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, როგორ ფიქრობს მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დიდი იმედი აქვს, რომ საქართველო მიიღებს ამ სტატუსს.
„რომ არ მივიღოთ, ეს იქნება უზარმაზარი უიმედობის საფუძველი. რაც არ ვიცი, რით უნდა დავძლიოთ. ძალიან რთული იქნება და რთული იქნება ყველაზე მეტად იმ ახალი თაობისთვის, რომელიც ამას ელოდება და რომლის ახლო და ხანგრძლივი მომავალი ამაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, თუ მივიღეთ, პირიქით ეს იქნება იმ იმედის საფუძველი, რომელიც მერე მობილიზაციაში გადაიქცევა, რის გარეშეც ჩვენ სერიოზული და თავისუფალი არჩევნები არ გვექნება. ჩვენ უნდა მოვამზადოთ არჩევნები, ჩვენ სერიოზულად უნდა ჩავებათ. დრო მოვიდა, რომ დიასპორა სხვანაირად ჩაერთოს ამ არჩევნებში, შორიდან არ გვიყუროს და თქვან რომ თქვენ ასე და ისე უნდა მოიქცეთ. არა, მოქცევა და ჩართვა ნიშნავს, რომ მონაწილეობა უნდა მიიღო ამ არჩევნებში, მაგრამ პირველი და აუცილებელი წინაპირობა ამ ყველაფრის არის ის, რომ ხალხი იმედიანად იყოს, მობილიზებული იყო, გვჯეროდეს რომ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ და ყველაფერს მივაღწევთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.