პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცახდებით, ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა საინტერესოა ორი მიმართულებით – პირველი, ეს არის პოლიტიკური მიმართულება და ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა.
„ჩინეთი არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ხუთი წევრიდან ერთ-ერთი და, შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. აქ ჩინეთი ბუნებრივად არის ჩვენი მოკავშირე, რადგან ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მისთვისაც არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, ტაივანის საკითხიდან გამომდინარე,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, სტრატეგიული ურთიერთობის მეორე მიმართულება არის ეკონომიკური მიმართულება.
„შუა დერეფანი მნიშვნელოვანი არტერიაა ევროპა-აზიის დასაკავშირებლად, მაგრამ შუა დერეფანს ვერ შეავსებს ქართული, აზერბაიჯანული ან თუნდაც ყაზახური და უზბეკური ტვირთები. იმისთვის, რომ შუა დერეფანმა მაქსიმალური დატვირთვით იმუშაოს და ეს პოტენციალი მაქსიმალურად იქნას ათვისებული, აუცილებელია, ამ დერეფანში ჩინურმა ტვირთებმაც იმოძრაონ. ამიტომ ჩვენთვის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად აითვისოს სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც არსებობს, რომლისკენაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია, მივისწრაფვით, ვიყოთ სატრანზიტო ჰაბი. იგივე ეხება ანაკლიის პორტსაც“, – განაცხადა სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძემ ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი იქნება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება, თუმცა ნაწილი გასხვისდება და ამ ნაწილში ინვესტორებმა უნდა ჩადონ ფული პორტის მშენებლობა-განვითარებაში.
გაადცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ნაწილში ის ფაქტი, რომ ჩინეთ-რუსეთი ერთმანეთის პარტნიორებად ყალიბდებიან და ეს პარტნიორობა, გარკვეული თვალსაზრისით, რუსეთიდან მომდინარე აგრესიის პრევენციასაც უნდა გულისხმობდეს, რადგან რუსეთს ჩინეთის ინტერესებთან დაპირისპირება არ უნდა უნდოდეს, ამ შემთხვევაში კავკასიის რეგიონში, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ, რაც უფრო დიდი ქვეყანა იქნება დაინტერესებული საქართველოში მშვიდობით, სტაბილურობით და თუნდაც შუა დერეფნის უსაფრთხო განვითარებით, ეს მით უკეთესია საქართველოს უსაფრთხოებისთვის.
„შესაბამისად, როდესაც ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ეს უსაფრთხოების ფაქტორიც ასევე გასათვალისწინებელია და ამ მხრივაც არ უნდა დავაკნინოთ ამ ურთიერთობების მნიშვნელობა“, – განაცხადა სამხარაძემ.