ზოგადად, გუშინ ჰქონდათ აღიარების დღე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ესეც არის ერთ-ერთი აღიარება. ჩვენ, თვეებია უკვე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოპოზიცია ლობირებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ხათუნა სამნიძე კონკრეტულ ადამიანებს გულისხმობდა, როდესაც აღნიშნულ განაცხადებას აკეთებდა.
„რაც შეეხება კონკრეტულად სამნიძის განცხადებას, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის გულისხმობდა კონკრეტულ სუბიექტებს, კერძოდ ეს არის პარტია „ნაცმოძრაობა“, ეს არის „ლელო“ და ეს არის გვარამია, ამ სამ სუბიექტზე ჰქონდა მას ინფორმაცია. თუმცა, დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ ზუსტად ვიცით ჩვენ, რომ ეს სუბიექტები დადიოდნენ ევროპაში და არამარტო ევროპაში, ისინი ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რასაც ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში, ის პრაქტიკულად დაადასტურა თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა სამნიძემ“, – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“.