ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ევროკავშირის საზღვრები ჩაკეტოს.
ამის შესახებ Politico წერს.
კულბერგსის განცხადებით, ევროკავშირს არ აქვს შესაძლებლობა, შეამოწმოს ასობით ათასი რუსი ტურისტი, რომლებსაც კვლავ აძლევს შენგენის ზონაში შესვლის უფლებას. ამიტომ, მისი აზრით, საუკეთესო გამოსავალი მათთვის საზღვრების ჩაკეტვაა.
„ამჟამად ევროკავშირში ამდენი ადამიანის შემოშვება ზედმეტად სახიფათოა. არ უნდა დავუთმოთ რუსეთს და არ უნდა ვაჩვენოთ სისუსტე. ამდენი ადამიანის შემოწმება არავის შეუძლია“, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე გამორიცხა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმების შემდეგ მოსკოვთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა.
„ზოგიერთი ფიქრობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობებს დავუბრუნდებით. ეს შეუძლებელია. ახალი ეპოქა დაიწყო“, - აღნიშნა კულბერგსმა.
ლატვია იმ 11 ქვეყანას შორის იყო, რომლებმაც ივნისში, შვედეთის ინიციატივით, ხელი მოაწერეს წერილს და ბრიუსელს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვისკენ მოუწოდეს.
ოქტომბერში ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ შესაძლოა შესაბამისი წინადადება მომავალ წელს წარადგინოს.
კულბერგსმა ასევე გააფრთხილა, რომ რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმები ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძლიერდება.
მან მომდევნო თვეებს „სიმართლის ზამთარი“ უწოდა. მისი თქმით, რუსეთი უკრაინის წყლის, გათბობისა და ელექტრომომარაგების სისტემებს უტევს, რადგან ფრონტზე მნიშვნელოვან წინსვლას ვერ აღწევს. ამასთან, მოსკოვი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობს.