„უკვე მერამდენედ ვისმენ „გირჩის“ მხრიდან ჩვენი კანონპროექტების კრიტიკას. მე მესმის, რომ მათი იდეოლოგიური პლატფორმიდან ეს კანონპროექტები შეიძლება არ იყოს მისაღები, მაგრამ მაშინ მე მინდა მათ ვკითხო - როდესაც კომენტარებში გულზე მღიჯს ირტყამენ და საქართველოს ევროინტეგრაციის გამო ჩვენ გვაკრიტიკებენ, რომ თურმე ჩვენ არ ვაკეთებთ საკმარისს, როგორ ჯდება ეს ამ იდეოლოგიაში?! თუ თქვენ მართლა გინდათ საქართველოს ევროკავშირში წევრობა, წაგიკითხავთ ან ასოცირების შეთანხმება, ან ევროკავშირის დირექტივები რომელიც, ძირითადად რეგულაციებს ეხება? ვის ატყუებთ, თქვენს თავს თუ თქვენს ამომრჩევლებს? თქვით, რომ არ უჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში წევრობას, მაშინ დაგიჯერებთ და გააგრძელეთ თქვენი იდეოლოგიური პლატფორმიდან საუბარი“, - ასე გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრების მიერ გამოთქმულ კრიტიკას.
ნიკა სამხარაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა ჩამოყალიბდნენ - უჭერენ თუ არა ისინი ევროკავშირში საქართველოს წევრობას, რადგან ეს გულისხმობს სწორედ რეგულაციებსაც, რომლის შემოღებასაც „გირჩი“ მუდმივად ეწინააღმდეგება.
„მინდა თქვენს თავში ჩამოყალიბდეთ, უჭერთ თუ არა თქვენ მხარს საქართველოს ევროკავშირში წევრობას. თუ არ უჭერთ თქვით ეს ღიად, იმიტომ, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გადავიღოთ ძალიან ბევრი, ასეულობით რეგულაცია. თქვენ, თქვენი მსოფლმხედველობით რეგულაციების წინააღმდეგი ხართ. ე.ი. გამოდის, რომ ხართ საქართველოს ევროკავშირში წევრობის წინააღმდეგი. თქვით ეს ღიად და მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დადგება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.