"ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა! მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ", - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საგანგებო მიმართვისას განაცხადა.
"ეს არის მცდელობა ოცნების, მაგრამ "ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა. მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არასად არ წავალ. მერე თვითონ იფიქრონ,რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის. ეს მე აღარ მაინტერესებს, მე მაინტერესებს სად გამოვადგები ქვეყანას უფრო - როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან პრეზიდენტი რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს", - ამბობს ზურაბიშვილი.
მისი თქმით, მას სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ გაკვირვებია, თუმცა გული ეტკინა:
"ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი არ მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი. მაგრამ, გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოს გამო, რომელიც დღესდღეობით იყო დარჩენილი, როგორც ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ნდობას იმსახურებდა. დღეიდან უკვე ესეც აღარ არის. ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლისაც უნდა რცხვენოდეს".
ზურაბიშვილის თქმით, არსად წასვლას არ აპირებს.
"არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობას შტოებს შორის, ის ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.