საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მუშაობა შეაჩერა.
ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრები გახდნენ ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების, აგრეთვე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოლიმპიური საბჭოები. ეს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური ქარტიის უხეშ დარღვევად მიიჩნია.
მუშაობის შეჩერენის შემდეგ რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს აღარ ექნება უფლება, იმოქმედოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სტატუსით და ვერ მიიღებს დაფინანსებას ოლიმპიური მოძრაობიდან.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და განაცხადა, რომ რუსეთი ვერ შეძლებს სპორტის იარაღად გამოყენებას.
“არსებობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტს მუშაობა შეუჩერდა. მსოფლიოში ყველამ პატივი უნდა სცეს ერების ტერიტორიულ მთლიანობას და გაეროს წესდებას. და თუ ვინმე რუსეთში ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ სპორტი და ოლიმპიური მოძრაობა თავის იარაღად აქციონ, ეს მათ ნამდვილად არ გამოუვათ“’, - განაცხადა ზელენსკიმ.