საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნა, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს.
„საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა.
როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას.
შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი გუშინ დაამტკიცა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში“. აღნიშნული განცხადების შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს ხუმრობა იყო.