რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება – სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისთვის.
„სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს. მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, მოახდინონ მყისიერი რეაგირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს.