"ქართული პარტიის" ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, თანამშრომლობის კარი, რომელიც ყველასთვის ღიაა, ნინო ბურჯანაძისთვის დაიხურა.
"ყველასთან ვითანამშრომებ ამ ხელისუფლების ჩამოსაგდებად და სამართლიანობის აღსადგენად. ყველასთვის ყველა კარი ღიაა. მაგრამ ყველა კარი დაიხურა ნინო ბურჯანაძისთვის და ბადრი ბიწაძისთვის. მათთან ერთ მაგიდასთან არასდროს დავჯდები", - განაცხადა გაჩეჩილაძემ "მაესტროსთან" საუბარში.
ამასთან, "ქართული პარტიის" ლიდერი ბიწაძის სკანდალურ ინტერვიუზე საუბრისას, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც ის ამტკიცებს, რომ გაჩეჩილაძეს ყველა სახლი დაგირავებული აქვს და მიხეილ სააკაშვილს ერთ-ერთ პირობად სწორედ მათი "გამოხსნა" წაუყენა.
"ყველა ჩემი სახლი, რაც მაბადია, ამ ხელისუფლების მოშორებისთვის ბანკში მაქვს ჩადებული და ამ საქმისთვის მთელ ჩემს სიცოცხლესაც დავაგირავებ, მაგრამ ბადრი ბიწაძის სიბინძურეებზე მეტ კომენტარს იქამდე არ გავაკეთებ, სადამ მტკიცებულებები არ დაიდება - დადეთ მტკიცებულებები, ჭკუიდან არ გადამიყვანოთ", - განმარტა გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" სკანდალური ინფორმაციის წყაროდ ბადრი ბიწაძე დაასახელა და გაზეთის გუშინდელ ნომერში მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ გაჩეჩილაძე მიხეილ სააკაშვილისგან რამდენიმე მილიონ ლარს ითხოვდა.