უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსეთის საიდუმლო შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანეს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„უკრაინსკა პრავდა“ სპეციალურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსებს შტაბ-ბინა ერთ-ერთ ადგილობრივ ქარხანაში ჰქონდათ განთავსებული.
ამის შესახებ ცნობების გაგების შემდეგ კი უკრაინის სპეციალურმა სამსახურმა ეს ინფორმაცია სამხედროებს გადასცა, რის შემდეგაც იერიშის მიტანისთვის მომზადება ერთობლივად დაიწყეს. მედია განმარტავს, რომ თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
იერიშის შედეგად დაშავდა რამდენიმე ათეული რუსი ოფიცერი, მათ შორის 10 დაიღუპა. სავარაუდოდ, დაჭრილთა შორისაა 58-ე საერთო არმიის მეთაური. გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად რუსეთის ფედერაციის 58-ე საერთო არმიის მეთაურთან ერთად არმიის შტაბის უფროსიც დაიჭრა.
როგორც ცნობილია, 58-ე არმია ზაპოროჟიეს მიმართულებით ფრონტის ხაზზე სამხედრო ოპერაციებშია ჩართული და რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვან დანაყოფად არის მიჩნეული.