საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ილიას ზუროსი აღარ გაწვრთნის, ამასთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცახადება გაავრცელა.
„მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად, საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი ამოიწურა, რითაც საქართველოს ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსის ერა დასრულდა. ბერძენი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს მის ყველაზე მაღალ საფეხურზე ემშვიდობება, რომელზეც მისი დიდი დამსახურებით ავიდა და პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევით, პლანეტის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.
ილიას ზუროსზე დიდხანს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არავინ ყოფილა და არც მასზე დიდი შედეგისთვის მოუღწევია ვინმეს. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობის წარმატებები იყო თავის დროზე B-დან A დივიზიონში გადასვლა, ევროპის ჩემპიონატზე პირველად და მას შემდეგ ზედიზედ 4-ჯერ გასვლა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა პირველი და უპრეცედენტო შედეგია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ილიას ზუროსის ხელმძღვანელობითა და სამწვრთნელო შტაბის დახმარებით მოახერხა.
ზუროსმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი იგორ კოკოშკოვისგან გადაიბარა, რომელიც თავის მხრივ შვიდი წელი ხელმძღვანელობდა საქართველოს ნაკრებს და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მომავალი ევროპის ჩემპიონი, სლოვენიის ნაკრები ჩაიბარა. ილიას ზუროსმა სადებიუტო სეზონშივე დაატყო ჩვენს ნაკრებს ხელი, რომელიც 2017 წლის ევრობასკეტზე იმ საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ვადაზე ადრე გიყვანა, რომელშიც მეტოქედ მონტენეგრო ჰყავდა. ქართველებმა მონტენეგროს გადამწყვეტი და დრამატული მატჩი სტუმრად მოუგეს.
ვიქტორ სანიკიძე პირადად და კალათბურთის ფედერაციის სახელით, უღრმეს მადლობას ეუბნება ილიას ზუროსს იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც ბერძენმა სპეციალისტმა ჩვენს ეროვნულ გუნდში შვიდი წლის მუშაობის მანძილზე გასწია.
ემოცია და სიხარული, რომელიც ილიას ზუროსის წინამძღოლობით საქართველოს ნაკრებმა მოუტანა ქართველ გულშემატკივარს, შეუფასებელია და კიდევ დიდ ხანს გაჰყვება კალათბურთისა და სპორტის მოყვარულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.