2018 წელს რომ არ ყოფილიყო დავით ბაქრაძის ცალკე კანდიდატურა, ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებს პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგებდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ საზოგადოებას წინ აქვს დიდი გამოწვევები, ნებისმიერი დაყოფა გვაკარგინებს საერთაშორისო მხარდაჭერას, ვინაიდან ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს უნარი ერთიანობის და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრსმოკლებულია. რაც მთავარია, ეს პირადი წვრილმანი ამბიციები და კინკლაობა იწვევს გულგრილობას ჩვენ ხალხში. ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა ბევრჯერ სცადა, ზოგჯერ ეს ხდებოდა მისი ჩარევის გარეშეც, ცნობილი სახეების ამბიციების გამო. ამან ჩვენი საერთო საქმე ძალიან დააზარალა. 2018 წელს რომ არ ყოფილიყო ბაქრაძის ცალკე კანდიდატურა, ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებს პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგებდა და ისტორია სულ სხაგვარად წარიმართებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა უნდა იყოს უფრო გახსნილი და უფრო მეტი შიდა დემოკრატიით, ვიდრე ოდესმე. ლევან ხაბეიშვილი ძალიან ბევრს მუშაობს და ავლენს უშიშრობას, ჩვენ გვყავს ახალი ვარსკვლავები, მაგალითად, სოფო ჯაფარიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ალექსანდრე კრევო-ასათიანი, მაგრამ ძალიან გვჭირდება უკვე გამოცდილი მებრძოლების, კობა ნაყოფიას, გიორგი კირთაძის და ეკა ხერხეულიძის წინ წამოწევა. ისევე, როგორც გიგი უგულავასა და სხვა ადრე გასული ადამიანების რეინტეგრაცია. ჩვენ მიდგომებს იმაზე ვერ ავაგებთ, ვინმესგან როდის, რა გვეწყინა. მთავარია, ადამიანი ქვეყნის ერთგული იყოს და ბრძოლაში გამოიჩინოს თავი“, – განაცხადა სააკაშვილმა.