ლუის რუბიალესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა ფეხბურთელ ჯენი ჰერმოსოსთვის ტუჩებში კოცნისთვის კრიტიკისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მუქარის შემდეგ. მანამდე ის აცხადებდა, რომ პოსტიდან გადადგომას არ აპირებდა.
33 წლის ერმოსოს თქმით, ინგლისის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ რუბიალესის კოცნა ორმხრივი თანხმობით არ მომხდარა. მან გასულ სამშაბათს რუბიალესს სასამართლოში უჩივლა.
ლუის რუბიალესმა გაასაჯაროვა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ გადადგომის შესახებ განცხადება ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს გადასცა.
„მე არ შემიძლია ჩემი სამუშაოს გაგრძელება“, - განაცხადა რუბიალესმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში.
46 წლის ფეხბუთელმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაც დატოვა.
რუბიალესი აცხადებდა, რომ კოცნა სპონტანური და ორმხრივი ჟესტი იყო. თუმცა ერმოსოს საჩივარი ნიშნავს, იმას, რომ მას შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარუდგინონ.
მისი თქმით, დარწმუნებულია სამართლიანობაში და ყველაფერს გააკეთებს, რომ გაიმარჯვოს.
„ჩემი ქალიშვილები, ჩემი ოჯახი, ის ადამიანები, რომლებსაც მე ვუყვარვარ, ძალიან დაზარალდნენ დაუსრულებელი დევნისა და მრავალი სიცრუის გამო. მაგრამ მჯერა, რომ სიმართლე ყოველ დღე უფრო და უფრო მეტ ძალას შეიძენს და გაიმარჯვებს“, - განაცხადა რუბიალესმა.
29 აგვისტოს ესპანეთის პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაიწყო, რათა დაადგინოს არის თუ არა რუბიალესის კოცნა სექსუალური ძალადობის დანაშაული.
მანამდე რუბიალესი ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა თანამდებობას 90 დღით ჩამოაშორა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა 20 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინგლისი ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ტურნირის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოების ცერემონიალზე 46 წლის რუბიალესმა ნაკრების ფეხბურთელ ჯენიფერ ერმოსოს ტუჩებში აკოცა.