ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავს. მან ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას აღნიშნა, რომ დაელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მოცემულობის მიხედვით, გადაწყვეტს, რომელი პლატფორმიდან იბრძოლებს - წავა პოლიტიკაში თუ სამოქალაქო საზოგადოების რიგებში დარჩება.
„არ გამოვრიცხავ... ჩემი პირადი გეგმებით, სადაც ვიქნები საჭირო და ჩავთვლი, რომ უფრო უკეთესი გაკეთება შემიძლია, შეიძლება პოლიტიკაშიც წავიდე, ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს.
ჩემთვის, მომავლისთვის წყალგამყოფი არის ევროკავშირის მხრიდან რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მანამდე მინდა, რომ ყველაფერი გავაკეთო თანამოაზრეებთან ერთად, რომ ჩვენ გარანტირებულად მივიღოთ სვლა ევროპისკენ. მას შემდეგ, რა პოლიტიკური ვითარება იქნება, ახლა ცოტა არაპროგნოზირებადია, ზოგადად, მგონია, რომ რაც საჭირო იქნება, იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ ევროპული განვითარება და ზოგადად განვითარება, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,“ -განაცხაად ლომჯარია.
ნინო ლომჯარიამ დღეს პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტა“ დააფუძნა და პირველი პრეზენტაცია გამართა.
„ამ პლატფორმის დამფუძნებლებს გვაქვს ამბიცია, რომ ზეგავლენა მოვახდინოთ საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე. იმდენად საშიშია ახლა, რომ გავუშვათ შესაძლებლობა, გავაგრძელოთ ევროპული კურსისკენ სვლა, ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღის წესრიგი ყველასთვის, ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ეს არის კანდიდატის სტატუსის მიღება.
არ ვართ კარგ ფორმაში, ხელისუფლებისგან გვესმის თავდასხმები ევროპელ პარტნიორებზე, გვესმის, რომ არ გაწია ხელისუფლებამ საკმარისი ძალისხმევა რეკომენდაციების შესასრულებლად, გვესმის, რომ ახალი პარტნიორები გვყავს საერთაშორისო ურთიერთობებში, ისე, რომ ამაზე ინფორმირებული არვინ იყო. საზოგადოების დაკვეთა არის ევროპისკენ სვლა და სინამდვილეში, სხვა რაღაცები ხდება და საზოგადოებას ამ პროცესებზე გავლენა არ გვაქვს. ახლა არ გვაქვს დრო, რომ ვიყოთ მშვიდად,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.