საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს. შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი გუშინ ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ფოტო წარწერით: „მოლაპარაკებები სალომე ზურაბიშვილთან“.
30 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. მათივე განცხადებით, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. აღნიშნულის გარდა, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა კიდევ 9 ვიზიტზე, მათ შორის უკრაინაში გამგზავრებაზეც.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, 1-ელ სქტემებერს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.