მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ევროპული ტურნე დაიწყოს სწორედ საქართველოდან და გამოიყენოს ის ბერკეტები, რომელიც მის ხელშია. შეასრულოს ევროპელი პარტნიორების არაერთი მოწოდება ქვეყნის დეპოლარიზაციისთვის, ევროპული მომავლისთვის - გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი, - ამის სესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.
გიორგი ბოტკოველი გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.
გიორგი ბოტკოველის თქმით, 2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაჩვენი ქვეყნისთვის და პრეზიდენტის ჩართულობა და გადაწყვეტილებები ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
„2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში პრეზიდენტის ჩართულობა, მისი მოქმედება და გადაწყვეტილებები ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში არაფერს აკეთებს, პრეზიდენტის განცხადებებიც მოგვისმენია, მაგრამ არაერთგვაროვანი. სწორედ იმ ევროპელი პარტნიორების, რომელთანაც პრეზიდენტი შეხვედრას გეგმავს, არაერთი მოწოდებაა, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაციისთვის, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანას არ ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ევროპული ტურნე დაიწყოს სწორედ საქართველოდან და პირველ რიგში განახორციელოს ის ბერკეტები, რომელიც მის ხელშია და ამ შემთხვევაში სწორედ ევროპელი პარტნიორების მოწოდებით გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.