“მედვედევის განცხადება მოტივაციის მიმცემია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომ უფრო მეტი და კარგი რუსული განცხადებები გააკეთონ,” - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.
გიორგი ბოტკოველის თქმით, მედვედევის განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ ტონში, ერთი მოტივაციით საუბარი რუსული ოცნების და კრემლის საერთო მიზანია.
"ფაქტობრივად, ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გადასცენ რუსეთს და მისი გუბერნია გახადონ. მედვედევის განცხადება არა შეთანხმებული, არამედ მოტივაციის მიმცემია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომ უფრო მეტი და კარგი რუსული განცხადებები გააკეთონ. მედვედევი ჩვეულებრივი პუტინის წარმომადგენელია, მაგრამ შესაძლოა, ივანიშვილი პუტინის უფრო მეტად წარმომადგენელია დღეს, ვიდრე მედვედევი. ისინი შეხმატკბილებულად იმეორებენ იმ მესიჯებს, რაც კრემლში იწერება. პროევროპული პრეზიდენტი რატომ შეიძლება მოეწონოს მედვედევს? მათი მიზანია აგრესია, ის, რომ ყველა ტერიტორია მიიტაცოს, რომელიც მიაჩნიათ, რომ მათ მფლობელობაში უნდა იყოს. დღეს 20% მიტაცებული აქვს რუსეთს. ნებისმიერ განცხადება, პრეზიდენტის, თუ ევროპის მხარდაჭერის, რა თქმა უნდა მიუღებელია.
მედვედევის განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ ტონში, ერთი მოტივაციით საუბარი რუსული ოცნების და კრემლის საერთო მიზანია. ხელისუფლება ორკესტრირებულად აკეთებს იმას, რა მიზანიც პუტინს აქვს“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა რუსულ პრიპაგანდისტულ მედიასთან განაცხადა: “ხელმძღვანელების ამჟამინდელი თაობა და პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაშია, ყოველ შემთხვევაში, გამოირჩევა პრაგმატიზმით, შეუძლებელია, ეს არ აღვნიშნოთ”. მისივე თქმით, „საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, არ ვიცი, საერთოდ ქართულად ლაპარაკობს თუ არა, მაგრამ ის არის ფრანგი რაღაც იტალიური გადახრებით, რომელიც თავისი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მადლობა ღმერთს, ასეთი პოლიტიკოსები იქ პირველ როლს არ ასრულებენ“.