"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" ხელისოფლების სასაზღრვო პოლიტიკას აკრიტიკებს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის მიზნით მოლაპარაკებების თაობაზე კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახადა ის არათანიმდევრული და დაუგეგმავი პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში და მეზობელ მეგობრულ სახელმწიფოებთან ურთიერთობისას ახორციელებს.
როგორც "დემოკრატიული მოძრაობა" აღნიშნავს, 13 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილის სანაცვლოდ საქართველოს სხვა ტერიტორიას სთავაზობს, ხოლო აღნიშნული ინფორმაცია მეორე დღესვე უარყო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ დღეისათვის ასეთი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
"ხელისუფლების არასწორი ქმედებებისა და ხშირად უმოქმედობის შედეგს კი საქართველოს საზღვრისპირა მოსახლეობა ყოველდღიურად ხედავს. ჯერ კიდევ 21 აპრილს სოფელ ერისიმედში აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ სოფლის მაცხოვრებლის მკვლელობასთან დაკავშირებულ განცხადებაში „დემოკრატიულმა მოძრაობამ" ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ "მსგავსი ინციდენტების გამორიცხვის მიზნით აუცილებელია შესაბამისი უწყებების მჭიდრო თანამშრომლობა, რაც სრულად უგულებელყოფილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ქართველ სამართალდამცავებსა და მესაზღვრეებს აკრძალული აქვთ მეზობელი ქვეყნის შესაბამის უწყებებთან კონტაქტიც კი. მსგავსი არაპროფესიონალური და არაედეკვატური პოლიტიკის შედეგებს, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა იმკის", - აცხადებენ ბურჯანაძის პარტიაში.
მათი განმარტებით, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციამდე, მოსახლეობის არსებული ყოფითი პრობლემების მოგვარება მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყებათა მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი. "სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებას არამარტო პოლიტიკურ დონეზე არ შეუძლია შეთანხმების მიღწევა აზერბაიჯანთან საზღვრის საბოლოო დადგენის მიზნით, არამედ უწყებათა შორის დონეზეც ვერ ახერხებს სამუშაო ურთიერთობების დამყარებას", - დასძენს "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო".