"ახალი მემარჯვენეების" ლიდერის დავით გამყრელიძის შეფასებით, დავით პაიჭაძის საავტორო გადაცემა "დიალოგის" ბოლო გამოშვების თემა "ხელოვნურად შექმნილი" იყო.
"გადაცემაში წარმართული მსჯელობა აშკარად ტოვებდა ერთ-ერთი მღვდელთმთავრის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიის შთაბეჭდილებას. თემა ეხებოდა ვითომცდა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გავლენის მოპოვებისთვის ფარულად მიმდინარე ბრძოლის პროცესს. საუბარი და მსჯელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლაც ყველაფერზე შეიძლება იმართებოდეს, მაგრამ არა ანონიმურ, ცილისმწამებლურ ინფორმაციაზე და მხოლოდ ჰიპოთეტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით. პირველ არხზე გასული ეს გადაცემა სწორედ ამ ფორმით იყო მომზადებული და მასში წარმართული მსჯელობა აშკარად ტოვებდა ერთ-ერთი მღვდელთმთავრის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიის შთაბეჭდილებას. მთლიანობაში ის ალბათ თავად ეკლესიის შიგნით ურთიერთდაეჭვებასა და სინოდის ერთიანობაში ბზარის შეტანას ისახავდა მიზნად", - ნათქვამია "მემარჯვენეების" განცხადებაში.
აღნიშნულ კონტექსტში, "ახალი მემარჯვენეები" მხარს უჭერენ სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთმანეთისაგან რეალურ გამიჯვნას და მათთთვის მიუღებელია პოლიტიკური მიზნით ეკლესიის გავლენისა და ავტორიტეტის გამოყენება.
პოლიტიკური გაერთიანება მოუწოდებს ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებს, მედიასა და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებას, გაითვალისწინონ, რომ, ეკლესია არ არის ერთ-ერთი რიგითი საზოგადოებრივი ინსტიტუცია და ქართულ სახელმწიფოში მისი განსაკუთრებული როლიდან გამომდინარე, ყველას მეტი პასუხისმგებლობა მმართებს, მასთან დაკავშირებული საჯარო მსჯელობისა თუ მოქმედების დროს.