ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. შეხვედრა ათენში გაიმართა, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების არაფორმალური სამიტი იმართება.
ზელენსკით თქმით, სერბეთის სახელმწიფოს მეთაურთან ღია, გულწრფელი და ნაყოფიერი შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი Twitter-ში წერს.
„გვქონდა კარგი საუბარი გაერო-ს წესდების პატივისცემისა და საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ, ჩვენი ხალხების საერთო მომავალზე საერთო ევროპულ სახლში. ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში ეს ჩვენი ორმხრივი ინტერესია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე ვუჩიჩმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის თხოვნით, ზელენსკის შეხვდება.
„მე მექნება მასთან ორმხრივი შეხვედრა, ამიტომ დავჯდები და პირადად ვისაუბრებ ზელენსკისთან ყველაფერზე, რაც ბოლო დროს მოხდა კოსოვოს რესპუბლიკის ირგვლივ, ტერიტორიული მთლიანობის აღიარება-არაღიარებაზე და ყველა სხვა საკითხზე“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.