იმ პირობებში, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე არის ციხეში, თავისუფალ არჩევნებზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ყოველ დღე გვაქვს სააკაშვილთან კომუნიკაცია და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება მასთან ერთად. მისივე თქმით, სააკაშვილს უნდა შეეძლოს საარჩევნო პროცესში ჩართვა.
“ორი რამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, ხალხს და მათ შორის ჩვენს პარტნიორებს, რომელსაც პირად საუბრებში ვეუბნები და ახლა კიდევ გავიმეორებ: იმ პირობებში, როცა, ფაქტობრივად, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელსაც ხმას აძლევს საქარველოს ასი ათასობით მოქალაქე, იყოს ციხეში და ჩვენ კიდევ ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე, ეს არის ანეკდოტი. ამას არ დაიჯერებს არავინ. ამიტომ, ორი მნიშვნელოვანი რამე არის გადასაწყვეტი ამ უახლოეს პერიოდში. პირველი - პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. მას უნდა შეეძლოს, რამდენად მისცემს ამის საშუალებას ჯანმრთელობის მდგომარეობა ეს მეორე საკითხია, უნდა შეეძლოს საარჩევნო პროცესში ჩართვა. ამას ალტერნატივა არ აქვს. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ვილაპარაკოთ არჩევნების თავისუფლებაზე და გამჭვირვალობაზე.
რაც შეეხება მოქალაქეობას, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო გამოიყვანა მართლა უკუნი სიბნელიდან და ჭაობიდან და მათ შორის ჩვენს თაობას, ახლა ჟურნალისტები ვინც სხედხართ, ეს ყველაზე კარგად უგრძვნია, უნახავს და შეხებია. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ რომ ესეთი ტექნიკური სახის მანიპულაციებს მხოლოდ რუსული პარტია მიმართავს და სავარაუდოდ, შესაძლებელია გამოიყენონ კიდეც, მათ შორის პარტიის წინააღმდეგ, მე ამას არ გამოვრიცხავ. არ ვიცი, ახლა რომ გითხრათ, რომ იმაზე ვფიქრობ, რუსული ოცნება რას დაგვიშავებს, მოგატყუებთ, მაგრამ ჩვენ რას დავუშავებთ და როგორ ვაპირებთ მათ გაშვებას ამაზე ბევრს ვფიქრობ.
ცხადია, სააკაშვილი არის მნიშვნელოვანი ფაქტორი და მთავარი ფაქტორი იქნება ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში და თუ ვინმეს სურდა მისი პოლიტიკური გააქტიურება, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის იყოს ჩართული პროცესში და მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია მასთან და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში არის ჩართული, მათ შორის საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. მას ასეთი ტექნიკური დეტალებიც კი აინტერესებს.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.