რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
მანამდე რუსეთის დედაქალაქის მერი სერგეი სობიანინი იუწყებოდა, რომ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა სცადეს. მისი თქმით, დრონი საჰერო თავდაცვის ძალებმა ჩამოგდეს, მისი ნამსხვრევები კი „ექსპოცენტრის“ რაიონში ჩაცვივდა.
„ვნუკოვის“ აეროპორტი დაიკეტა, ავიამიმოსვლა შეჩერებულია.
რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, რეისების ნაწილი სხვა აერპორტებშია გადატანილი.
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დრონი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის დროით დილის 4 საათზე დააფიქსირეს.
„უპილოტო საფრენმა აპარატმა დაზიანების შემდეგ ტრაექტორია შეიცვალა და ქალაქ მოსკოვის კრასნოპრენსკაიას სანაპიროსთან ჩავარდა, სადაც საცხოვრებელი სახლები არ არის,“- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, ინციდენტს მსხვერპლი და ხანძარი არ მოჰყოლია.
მოსკოვის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, დრონის ჩამოგდების შედეგად მოსკოვის ცენტრში დაზიანდა „ექსპოცენტრის“ ერთ-ერთი პავილიონი.