ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 12 აგვისტოს შეთანხმების რუსეთის მიერ შეუსრულებლობის გამო ნიკოლა სარკოზის აკრიტიკებს და იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ეს არ აწუხებს.
"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. პრეზიდენტი სარკოზი პირველ პლანზე არ აყენებს იმას, რომ რუსეთი მუდმივად არღვევს მის მიერ ინიცირებულ "ცეცხლის შეწყვეტის" შესახებ ხელშეკრულებას. ვფიქრობ, ეს საფრანგეთის პრეზიდენტს სხვებზე მეტად უნდა აწუხებდეს", - განაცხადა მაკკეინმა "ფიგაროსთან" ინტერვიუში.
ამასთან, მისივე განმარტებით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციას, ყოველგვარი დასჯის გარეშე აგრძელებს, რაც დაუშვებელია.
აღსანიშნავია, რომ მაკკეინმა ინტერვიუში რუსეთის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზეც ისაუბრა და კომპანია "იუკოსის" ექს-ხელმძღვანელ მიხეილ ხადარკოვსკის "მაფიის პატიმარი" უწოდა.
"მისი ციხეში წლობით დატოვება მხოლოდ ვლადიმერ პუტინის პირადი შურისძიებაა", - დასძინა ამერიკელმა სენატორმა.
შეგახსენებთ, რომ "იუკოსის" საქმე, ბოლო წლებში რუსეთში არსებულ საქმეთაგან ერთ ერთი ყველაზე ხმამაღალია. რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ მომენტში ქვეყანაში ყველაზე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელობა მთელ რიგ ეკონომიკურ დანაშაულში დაადანაშაულეს. შედეგად "იუკოსი" გაკოტრდა, მისი აქტივები კი სახელმწიფო კომპანია "როსნეფტს" გადაეცა. დასავლეთი დღემდე მიიჩნევს, რომ "იუკოსის" საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ყოველივეს კატეგორიულად უარყოფს.
მიხეილ ხოდორკოვსკის ხშირად ვლადიმერ პუტინის პირად პატიმარს უწოდებენ. პირადად ხოდორკოვსკი თავის წინააღმდეგ აღძრულ მეორე სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურს და კორუფციულად მოტივირებულს უწოდებს. მისი თქმით, ამ პროცესის ინიციატორები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მისი თავისუფლებაზე გამოსვლა არ სურთ. მის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლებრივ დევნას კი მიხეილ ხოდორკოვსკი იმით ხსნით, რომ იგი დამოუკიდებელ ოპოზიციას უჭერდა მხარს.