გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა. აღნიშნული საკითხის განხილვის ინიციატორები იყვნენ ალბანეთი, საფრანგეთი, იაპონია, მალტა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.
სხდომის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს ქვეყნებმა: აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, ალბანეთმა, იაპონიამ და მალტამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
უშიშროების საბჭოს ქვეყები გმობენ რუსეთის პროვოკაციებს საქართველოში, როგორიცაა საქართველოს მოქალაქეთა გატაცება, უკანონო "ბორდერიზაცია", სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ რეგიონებში, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ქართული კულტურის შეზღუდვა. გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნები გმობენ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებს.
„ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვწუხვართ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი უხეში დარღვევის გამო. ვგმობთ რუსეთის სასტიკ შემოჭრას, ადგილზე სამხედრო მობილიზებას და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რომლებიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ეფექტური კონტროლის განხორციელებას, ასევე რუსეთის ნაბიჯებს ამ ქართული რეგიონების ანექსიისკენ.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის გაუმართლებელ აგრესიასთან პარალელურად მიმდინარეობს, სამხედრო წვრთნების საქართველოს ტერიტორიაზე, ზღვასა და საჰაერო სივრცეში გაგრძელებას, მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით გაძლიერებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებასა და გატაცებას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და ე.წ. გადაკვეთის პუნქტების მუდმივ დაკეტვას, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას და ადგილობრივებში განათლებისა და მშობლიური ენის სწავლის აკრძალვას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაწესებულებების განზრახ დაზიანებას {საქართველოს პირველი არხის თარგმანი}“, – განაცხადა გაერო-ში ალბანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ფერიტ ხოჯამ შეხვედრის შემდეგ.