"მოსკოვმა საქართველოსთან ომის პროვოცირება მოახდინა, რისთვისაც ის რამდენიმე წელი ემზადებოდა, ხოლო ბელორუსი, შესაძლოა, აიძულონ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა იაფი გაზის საფასურად - მიიჩნევს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო" - ამის შესახებ ნათქვამია "ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებულ მასალებში, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას პაეტისა და ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდ ლუკაშენკოს შორის 2009 წლის ოქტომბერში, მინსკში გამართულ შეხვედრას ასახავს.
გამოცემის ინფორმაციით, ლუკაშენკომ ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ესტონეთი ბელორუსისთვის მტერს არ წარმოადგენს და ამავდროულად, გააკრიტიკა რუსეთის პოლიტიკა. კერძოდ, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ის შეიძლება აიძულონ აღიაროს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობა, სანაცვლოდ კი მისცენ იაფი გაზი.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოსთან ომის პროვოცირება და ის ამისთვის "რამდენიმე წელი ემზადებოდა".
უნდა აღინიშნოს, რომ მინსკიდან ამერიკელი დიპლომატის მიერ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ პაეტისა და ლუკაშენკოს შეხვედრა ნახევარი საათი უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ის 90 წუთი მიმდინარეობდა და ამ დროშიც შეხვედრის დასრულება მხოლოდ იმიტომ მოხერხდა, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თვითმფრინავზე ეჩქარებოდა.
ამერიკელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ლუკაშენკო თითქმის არასდროს არღვევს მოლაპარაკებების დროის ლიმიტს და ასეთი რამ მინსკში მხოლოდ ორჯერ მოხდა - როცა იგი ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ყოფილ უმაღლეს კომისარ ხავიერ სოლანასა და ევროკავშირის ყოფილ კომისარს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბენიტა-ფერერო ვალდნერს ხვდებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ პაეტთან შეხვედრისას ლუკაშენკომ ყურადღება გაამახვილა ოპოზიციაზეც და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ამჟამინდელი ლიდერები ოდესღაც მისი მოკავშირეები იყვნენ, თუმცა ამჟამად ისინი მას მხოლოდ იმიტომ ეწინააღმდეგებიან, რომ მათ კარიერაში არასაკმარისი წინსვლა ქონდათ.