თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ვერ ხედავს უკრაინის სამხედრო დახმარებისადმი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შემცირების ნიშნებს.
თეთრი სახლი ეხმიანება „სიენენის” მიერ ჩატარებულ კვლევას, რომელის თანახმად, ამერიკის მოსახლეობის უმეტესობა ეწინააღმდეგება კონგრესის მიერ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაზრდას.
კირბის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დროს ვაშინგტონმა დაინახა „ამერიკელი ხალხის ძლიერი მხარდაჭერა კონგრესისადმი, რათა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა“.
„ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბრძოლა ნატო-ს მრავალი მოკავშირის კართან მიმდინარეობს”, – თქვა კირბიმ.
მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებისთვისაც.
„თუ ჩვენ უმოქმედოდ ვიქნებით და მივცემთ პუტინს ნებას, აიღოს უკრაინა, მაშინ სად იქნება შემდეგი გაჩერება?” – თქვა კირბიმ.
გასულ კვირას „სიენენმა“ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ამერიკელთა 55% თვლის, რომ კონგრესმა არ უნდა უზრუნველყოს დამატებითი დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად, ხოლო 51% ამბობს, რომ აშშ-მა უკვე საკმარისი გააკეთა უკრაინის დასახმარებლად.