როდესაც ხელისუფლება გარე მტრის ნაცვლად, წინა ხელისუფლებას, ანუ საკუთარ ქვეყანას უნაწილებს პასუხისმგებლობას, ამას ჰქვია ღალატი - გიგა ბოკერია აგვისტოს ომის თარიღზე
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
გიგა ბოკერიას თქმით, როდესაც ნებისმიერი ხელისუფლება ასეთ თარიღს იყენებს არა ჩვენი საგარეო მტრის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზავნილის დასაცავად, არამედ შიგნით ოპონენტების დემონიზებისთვის და პირდაპირ ან ირიბად მაინც წინა ხელისუფლებას ანუ საკუთარ ქვეყანას უნაწილებს პასუხისმგებლობას მტრის აგრესიაზე, ამ ყველაფერს ღალატი ჰქვია.
„ისეთ აბსურდამდე მიდიან, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში მტრის რეგულარული არმიის შემოსვლა კი არ არის ომის დაწყება, არამედ, როცა ღიად გამოჩნდნენ და თავადაც აღიარებენ, რომ მოქმედება დავიწყეთო, ის თარიღია თურმე უფრო საკვანძო. ათასი ბოდვითა და დემაგოგიით ცდილობენ ამის შეკმაზვას.
ხელისუფლება, რომელიც ასეთ დროს და ასეთ საკითხზე გარე მტრის ნაცვლად, ძირითადად საუბრობს საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებზე, თან წინა ხელისუფლებაზე, ამით ქვეყნის ინტერესებს ღალატობს. ამას შვებიან ისინი ყოველ წელს, მათ შორის, ამ თარიღთან დაკავშირებით“ - თქვა გიგა ბოკერიამ.