დღეს სამწუხარო ფაქტი მოხდა - კორუფციის ბრალდებით სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დააკავეს ", _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სათაფლიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"შეიძლება, გოგა ხაჩიძეს ეჭვი აწუხებს იმის თაობაზე, მისი მეგობარი იყო თუ არა დამნაშავე, მაგრამ ბარდაგი, განუკითხაობა და სრული არაეფექტურობა რომ არის სატყეო დეპარტამენტში, ფაქტია. მე არ ვიცნობ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, მაგრამ 300-კაციან სამსაურში 110 კაცია უკვე დაპატიმრებული და ეს იძლევა კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალებას. ყოველი მესამე ადამიანი დაპატიმრებულია და კიდევ ასია დასაჭერი", _ განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში წესრიგი დამყარდა პოლიციაში, საბაჟოზე, ერთადერთი ადგილი, სადაც ჯერჯერობით არ დამყარებულა წესრიგი, ეს არის სატყეო საქმე.
"როცა ლაპარაკია 39-40-100 ლარის ოდენობით ქრთამზე, ეს იმაზე კი არ მეტყველებს, რომ პატარა კორუფციაა, არამედ ეს ნიშნავს, რომ სისტემური კორუფციაა. ყველა არის ჩართული. ბევრი ინფორმაცია მომივიდა კონკრეტულად ამ ადამიანზე, რომ ვიღაცას უთხრა, ტყეში არ შემოგიშვებ თუ ჩემს ნათესავს ფორმას არ გააკეთებინებ და ასე შემდეგ", _ განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ სამინისტროში რეორგანიზაცია უნდა მოხდეს.
"სამინისტროში აშკარად არის პრობლემა, განსაკუთრებით სატყეო დეპარტამენტში. გთხოვთ, სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხი წარმომიდგინოთ. არის რამდენიმე სამინისტროს სფეროების გადაფარვები. ტყე უნდა ჩამოყალიბდეს ჩვეულებრივ მომგებიან ბიზნესად, მაგრამ კარგად კონტროლირებად ბიზნესად. უკონტროლობას იქ არ დავუშვებთ. წლის ბოლომდე წარმომიდგინეთ გეგმა. ბევრს მოუწევს წავსლა, ფუნქციები გადანაწილდება. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც საქმეს აკეთებს, გოგა ხაჩიძის ჩათვლით", _ განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავჯდომარე პაპუნა ხაჩიძე და ამავე უწყების გეოინფორმაციული სამსახურის უფროსი გიორგი ბაღათურია დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ეს პირები წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდნენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ლობირებას უწევდნენ ფირმებს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასა და ხე-ტყის მოპოვების ლიცენზიების გაცემის პროცესში, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით იღებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პაპუნა ხაჩიძესა და გიორგი ბაღათურიას 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მათი დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის 1-ლი და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილებით.