ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ შოვში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
გიგა ბოკერიას თქმით, ეს იმ მასშტაბის უბედურებაა, რომ მთელი ქვეყნისთვის სამგლოვიარო დღეა.
„ხელისუფლების პროპაგანდა ყველა შემთხვევაში უკვე სამარცხვინოა და ამ უტიფარ საქციელს ვერ გაამართლებს ვერცერთი ოპონენტის აბსურდული ბრალდება. ხელისუფლებას აქვს პირველ რიგში პასუხისმგებლობა და როგორი უპასუხისმგებლოც არ უნდა იყოს ზოგიერთი ოპონენტის საქციელი, ეს არ არანაირად არ აბალანსებს ხელისუფლების მთავარ პასუხისმგებლობას.
ისევ წარსულისკენ და წინა ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა-შევარდნაძის კორუმპირებული ბიუროკრატიის გაუქმების დაგმობა ხელისუფლებაში ყოფნის მეთერთმეტე წელს, განსაკუთრებით მაშინ, როცა 5 წლის წინ გაიცა დაპირება, რომ 2-3 წელიწადში სრულფასოვანი მონიტორინგისა და რეაგირების სისტემა დაინერგებოდა, კალაძისა და შოთა არველაძის შედარების ამაზრზენი კამპანია, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებულ მატჩზე სტიქიამდე წავიდა და ძალიან კარგადაც მოიქცა, რომ იქ საქართველო წარმოადგინა. ყველაფერი ეს ერთად ხელისუფლების სამარცხვინო ბუნებას გვიჩვენებს კიდევ ერთხელ“
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ის, რომ ასე სწრაფად ხდება უტიფარი პროპაგანდის დაგეგმვა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ამძიმებს ამ რეჟიმის მორალურ პასუხისმგებლობას.
„რა თქმა უნდა, სტიქიური უბედურება ყველგან ხდება, არავინ ამას არ უნდა აბრალებდეს ხელისუფლებას, თუ არ ჩავთვლით ცალკეული ოდიოზური პოლიტიკური ფიგურების აბსურდულ ბრალდებებს, ზოგადად საზოგადოების რეაქცია სრულიად ადეკვატური იყო. ამ დროს ჩნდება ის კითხვები, რომლებიც ყველა ქვეყანაში ისმის ასეთ დროს ხოლმე იმის მიმართ, ვინც არის ხოლმე ხელისუფლებაში და ვისაც ამაზე რეაგირების პასუხისმგებლობა აქვს.
პირველად არ ხდება ამ ტიპის სტიქიაზე რეაგირებისას ზოგადი პოლიტიკური კლიმატის გამოვლენა. ყველაზე მთავარი პრობლემა არის არანგარიშვალდებულების განცდა, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელსაც ეს განცდა არ გააჩნია საზოგადოების წინაშე და ამ რეჟიმის მოდელი სწორედ ასეთია, ყოველთვის ამა თუ იმ ფორმით, ასეთ შედეგებს დებს და მსგავს უპასუხისმგებლობას აჩვენებს.
მე არ გახლავართ ექსპერტი, მაგრამ ვეყრდნობი იმ ადამიანებს, ვისი რეპუტაციაც ამ სფეროში ჩემთვის საკმარისია და ის, რაც უკვე ვიცით ყოველგვარი გამოძიების გარეშე მინიმუმ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება უკვე მერამდენედ არ იყო მზად მსგავსი ტიპის სტიქიურ უბედურებაზე რეაგირებისთვის სხვადასხვა მხრივ, ყველაზე თვალსაჩინო ხელისუფლების მხრიდან სამაშველოს სამსახურის არასრულფასოვანი ტექნიკური აღჭურვაა.მთავარი მაინც არის უპასუხისმგებლობა, სრული არანგარიშვალდებულობისა და უტიფრობის ზოგადი კლიმატი, რომელიც ამ ხელისუფლებას გააჩნია საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე“ - თქვა გიგა ბოკერიამ