მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა. სათაფლიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და აპარატის ხარჯები მცირდება.
"უნდა მივესალმო, რომ თბილისის მერიამ სერიოზულად შეამცირა აპარატი. სახელმწიფო კანცელარიის აპარატი მცირდება. სახელმწიფო მინისტრების აპარატები მცირდება. მივიღეთ მინისტრები, რომლებსაც რატომღაც სამინისტროებისხელა აპარატები აქვთ", _ განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს სრულიად მიუღებელია.
"ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და უნდა დაწესდეს ზედა ზღვარი. უპორთფელო სამინისტრო არის უპორთფელო სამინისტრო და სრულიად გაუგებარია, რას ნიშნავს ამხელა აპარატები. ეს ყველაფერი არის ხარჯი. არ მინდა გვყავდეს ბევრი დაბალხელფასიანი, უმჯობესია გვყავდეს ცოტა კვალფიციური და მაღლხელფასიანი სახელმწიფო აპარატი, რათა გვყავდეს ბევრი კერძო სექტორში. თქვენ თვითონ ქმნით პრობლემას. ზრდით შტატებს და მერე გიხდებათ შემცირება. გაფრთხილებთ, აიყვანეთ კვალიფიციური სპეციალისტები და მხოლოდ არსებულ თანამდებობებზე. ზოგიერთს ჰყავდა 100-100 ხელშეკრუილებით, ზოგიერთს - ნათესავები და მეგობრები. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს", _ განაცხადა მან.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში კორუფცია არის ჩამოსული თითქმის ნულზე და კორუფციასთან ბრძოლა გაგრძელდება.