ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აფხაზეთსა და კოსოვოს შორის პარალელი გაავლო.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ნებისმიერი პარალელი კოსოვოსა და აფხაზეთს შორის, რა პოზიციაც არ უნდა გვქონდეს კერძოდ კოსოვოს აღიარების გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაა.
“ამას აკეთებდა რუსეთი წლების განმავლობაში, ამას აკეთებენ ივანიშვილის რეჟიმი და კობახიძე დღეს, მაშინ, როცა ამ ორ მაგალითს შორის ბევრად მეტი განსხვავებაა, ვიდრე მსგავსება - რუსეთმა აფხაზეთში გენოციდი მოგვიწყო და ოკუპირებული აქვს, ხოლო კოსოვო არ ჰყავთ ოკუპირებული გერმანიასა და საფრანგეთს” - თქვა გიგა ბოკერიამ.
ირაკლი კობახიძემ ბათუმში რუსი ტურისტებისთვის აფხაზეთზე კითხვების დასმა სერბეთში გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტებისთვის კოსოვოზე კითხვის დასმას შეადარა.
"სერბეთში რომ ჩავიდნენ ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები და მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი გეტყვით, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ არის სერბეთის ნაწილი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტები ცუდი ადამიანები არიან - რაც უთხრეს, იმას იმეორებენ". - თქვა კობახიძემ.