კარგად არ ვიცნობ როინ შავაძის საქმეს, თუმცა ზოგადად რასაც ამბობენ, რომ სახელმწიფომ სამშობლოს ღალატისთვის გაუსამართლებლად ადამიანი სიკვდილით დასაჯა, თუ ეს მართალია, ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამარცხვინო ლაქა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის, – ამის შესახებ „გირჩის„ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ჯერ ეჭვის საფუძველზე ადამიანის დასჯა არ შეიძლება, მერე ადამიანის დასჯა სიკვდილით ზოგადად არ შეიძლება და სასამართლოს გარეშე ადამიანის დასჯა არ შეიძლება, არასაჯაროდ ადამიანის გასამართლება არ შეიძლება. რამე პრინციპი თუ არსებობს სამართალში, თუ ის მართალია რასაც ამბობენ, ყველაფერი დარღვეულია და ამიტომ საინტერესო იქნებოდა უფრო ცხადად განხილვა ამ საქმის, ვიდრე მისი მხოლოდ ერთი კომპონენტის. ადამიანს, რომელიც ახლა საჯარო პოლიტიკაში არც არის, რა აზრებს გამოთქვამს და რა კონტექსტიდან გამოთქვამს, მე უბრალოდ თვალს ვერ ვადევნებ და არ მინდა, რომ ეს თემა ვიღაცის აზრის კომენტირებაში გადახურდავდეს. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუ ასეთი რამ მართლა მოხდა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.