პანდემიის, ბუნებრივი კატასტროფებისა და კონფლიქტების, მათ შორის, უკრაინაში ომის შედეგად, მსოფლიოში, 2019 წელთან შედარებით, 122 მილიონით მეტი ადამიანი შიმშილობს – ამის შესახებ წერია გაეროს ხუთი სააგენტოს ერთობლივ ანგარიშში „სასურსათო უსაფრთხოება და სურსათის მოხმარება მსოფლიოში“ (SOFI).
ბოლო კვლევის მიხედვით, მსოფლიოში 735 მილიონი ადამიანი შიმშილობს. 2019 წელს ეს რიცხვი 613 მილიონი იყო.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო სურსათის პროგრამა (WFP) გვაფრთხილებენ, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შიმშილის დასრულების თაობაზე მდგრადი განვითარების მიზნებს 2030 წლისათვის ვერ მივაღწევთ.
მოწოდება შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ
2023 წლის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს 691-დან 783 მილიონ ადამიანამდე შიმშილობდა, საშუალოდ – 735 მილიონი ადამიანი. ეს პანდემიამდელ მონაცემებს 122 მილიონით აღემატება.
2021-2022 წლებში გლობალური შიმშილის ზრდა შეჩერდა, თუმცა, მსოფლიოს ბევრ წერტილში სასურსათო კრიზისები ღრმავდება. 2022 წელს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც შიმშილობს, შემცირდა აზიასა და აფრიკაში, მაგრამ გაიზარდა დასავლეთ აზიაში, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებსა და აფრიკის ყველა ქვერეგიონში. აფრიკა შიმშილის კუთხით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონად რჩება – კონტინენტზე ყოველი ხუთიდან ერთი ადამიანი შიმშილობს, რაც გლობალურ საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
„არსებობს იმედის სხივები, ზოგიერთი რეგიონი კვალდაკვალ მიჰყვება 2030 წლისათვის ნუტრიციული სამიზნეების შესრულებას. თუმცა, მთლიანობაში, გვჭირდება აქტიური და დაუყოვნებელი გლობალური ძალისხმევა მდგრადი განვითარების მიზნების გადასარჩენად. ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო მედეგი კონფლიქტის და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კრიზისებისა და შოკური პერიოდების მიმართ, რომლებსაც სასურსათო დაუცველობისკენ მივყავართ“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა ვიდეომიმართვაში, ნიუ-იორკის სათავო ოფისში ანგარიშის გამოქვეყნებისას.
გაეროს ხუთი სააგენტოს ხელმძღვანელი: FAO-ს გენერალური დირექტორი კუ დონჟუ, IFAD-ის პრეზიდენტი ალვარო ლარიო, UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი ქეთრინ რასელი, WFP-ის აღმასრულებელი დირექტორი სინდი მაკკეინი და WHO-ს გენერალური დირექტორი დოქტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი ანგარიშის წინასიტყვაობაში წერენ:
„ეჭვგარეშეა, მნიშვნელოვანი გამოწვევა ხდება ჩვენთვის მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის სამიზნის – ნულოვანი შიმშილის – მიღწევა. წინასწარი გათვლებით, 2030 წლისთვის თითქმის 600 მილიონი ადამიანი იშიმშილებს. სასურსათო დაუცველობისა და მალნუტრიციის გამომწვევი მთავარი მიზეზები ჩვენს ‘ახალ ნორმად’ იქცა და სხვა არჩევანი აღარ გვაქვს – უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნისთვის, მდგრადი განვითარების მეორე მიზნის (SDG2) მისაღწევად“.
შიმშილს მიღმა
2022 წელი მძიმე იყო სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის მოხამრების მიმართულებით. ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 29.6 პროცენტს, ანუ 2.4 მილიარდ ადამიანს, არ ჰქონდა მუდმივი წვდომა საკვებზე – ეს განიხილება როგორც სურსათის დაუცველობის ზომიერი ან მძიმე გავრცელება. მათ შორის, 900 მილიონ ადამიანს მძიმე სასურსათო დაუცველობის მდგომარეობაში იყო.
პარალელურად, გაუარესდა ჯანსაღ კვებაზე წვდომის შესაძლებლობა: 2021 წელს მსოფლიოში 3.1 მილიარდ ადამიანს, რაც 42 პროცენტს შეადგენს, ჯანსაღი კვებისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. ეს მონაცემი 2019 წელთან შედარებით 134 მილიონით მეტია.
მილიონობით ხუთ წლამდე ბავშვი არასწორი კვებით გამოწვეულ შედეგებს ებრძვის. 2022 წელს, ხუთ წლამდე ასაკის 148 მილიონ ბავშვს (22.3 პროცენტი) სიმაღლეში ჩამორჩენა აღენიშნა, 45 მილიონს (6.8 პროცენტი) – გამოფიტვა ხოლო 37 მილიონს (5.6 პროცენტი) – ჭარბი წონა.
გაიზარდა ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვების რაოდენობა: ექვს თვემდე ასაკის ჩვილების 48 პროცენტი საკვებს ამ გზით იღებს, რაც 2025 წლის მიზანთან ახლოსაა. თუმცა, მიზნების მისაღწევად, მეტი ერთიანი ძალისხმევაა საჭირო 2030 წელს მალნუტრიციასთან საბრძოლველად.
ახალი მტკიცებულება: ურბანიზაცია აგროსასურსათო სისტემებში ცვლილებებს ახდენს
ანგარიში ასევე განიხილავს ურბანიზაციის ზრდას, როგორც „მეგატრენდს“, რაც ხალხის კვებით ჩვევებზე გავლენას ახდენს. იმ მოცემულობით, რომ 2050 წლისთვის ათიდან თითქმის შვიდი ადამიანი დიდ ქალაქებში იცხოვრებს, მთავრობებმა და შიმშილის დაძლევის, სასურსათო დაუცველობისა და არასწორი კვების მიმართულებით მომუშავე სხვა უწყებებმა ურბანიზაციის ტრენდები უნდა გააანალიზონ და პოლიტიკის შემუშავებისას გაითვალისწინონ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სოფელსა თუ ქალაქში ცხოვრების მიხედვით მარტივი დაყოფის კონცეფცია აღარ არის საკმარისი იმის გასააზრებლად, თუ როგორ გავლენას ახდენს ურბანიზაცია აგროსასურსათო სისტემებზე. სოფლებისა და ქალაქების ურთიერთკავშირის (rural-urban continuum) უფრო კომპლექსური პერსპექტივაა საჭირო და მასში გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანების ურთიერთობები და ქალაქებსა და სოფლებს შორის კავშირის მასშტაბი და ხარისხი.
ეს ევოლუცია, პირველად ისტორიაში, სისტემატურად დოკუმენტირებულია თერთმეტ ქვეყანაში. ანგარიშში ჩანს, რომ სურსათის შესყიდვები მაღალია არა მხოლოდ ქალაქებში მცხოვრებ ოჯახებში, არამედ, ისეთ დასახლებებშიც, სადაც ქალაქებსა და სოფლებს შორის მკვეთრი ზღვარი წაშლილია, მათ შორის, ქალაქის ცენტრისგან შორს მაცხოვრებლებშიც. ახალი მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ მაღალდამუშავებული საკვების მოხმარება იზრდება ზოგიერთი ქვეყნის ნახევრადურბანულ და სასოფლო არეალებში.
სამწუხაროდ, გრძელდება სივრცითი უთანასწორობა: სასურსათო დაუცველობას, უფრო მეტად, სოფლად მცხოვრები ხალხი ეჩეხება. სოფლად მცხოვრები ზრდასრული ადამიანების 33 პროცენტსა და ქალაქებში მცხოვრები ზრდასრული ადამიანების 26 პროცენტზე სასურსათო დაუცველობა მძიმედ, ან ზომიერი ხარისხით ახდენს გავლენას.
ბავშვთა მალნუტრიციის მიმართულებითაც გამოიკვეთა კონკრეტული მახასიათებლები ურბანული და სასოფლო არეალების კუთხით: ბავშვთა სიმაღლეში ჩამორჩენა უფრო მეტად სოფლებში იმატებს (35.8 პროცენტი), ვიდრე ქალაქებში (22.4). ასევე, მეტად ფიქსირდება სოფლად მცხოვრებ ბავშვებში გამოფიტვა (10.5 პროცენტი), ვიდრე ქალაქებში (7.7 პროცენტი). ოდნავ მეტად იზრდება ჭარბწონიანი ბავშვების რიცხვი ურბანულ არეალში (5.4 პროცენტი) სოფლებთან შედარებით (3.5 პროცენტი).
ანგარიშში მოცემულია რეკომენდაცია, რომ სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის მოხმარების ეფექტურად ხელშეწყობისათვის, პოლიტიკური ჩართულობის, ქმედებებისა და ინვესტიციების შემთხვევაში, უნდა იხელმძღვანელონ მას შემდეგ, რაც კარგად იქნება გააზრებული სოფლებისა და ქალაქების უწყვეტობის კომპლექსური და ცვალებადი კავშირი აგროსასურსათო სისტემებთან.