დავით არახამიას არ აქვს სამშობლო, ის უკრაინის ან საქართველოს მიმართ მოქმედებს არა პატრიოტული, არამედ სხვა ინტერესების კარნახით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება პირადად არახამიას, არ ვსაუბრობ ზელენსკიზე, რაც შეეხება პირადად არახამიას, მას არ აქვს სამშობლო. არც უკრაინა არ არის მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი, არცერთი სამშობლო არ აქვს მას, არცერთი. „ნუ“, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინა და საქართველო. აქედან გამომდინარე, ის უკრაინის ან საქართველოს მიმართ მოქმედებს არა პატრიოტული ინტერესების კარნახით, არამედ სხვა ინტერესების კარნახით, რაზეც არ მინდა დეტალებში საუბარი. სამწუხაროდ, ეს კაცი ვერ იქნება ვერანაირად ღირებული, იქიდან გამომდინარე, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ გუშინ განაცხადა, რომ ქართველებმა მომავალ არჩევნებზე აუცილებლად უნდა შეცვალონ ხელისუფლება. არახამიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ დარჩენა შექმნის პრობლემებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.