საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრმა კომპანიამ „სარე დეველოპმენტმა“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამწვანების აქცია მიუძღვნა.
თბილისის საკრებულოში სამგორის მაჟორიტარ დეპუტატთან რევაზ სოხაძესთან ერთად, „ისრაელის სახლისა“ და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წარმომადგენლებმა, ისრაელელ სტუმრებთან ერთად, ვარკეთილი 3, II მ/რ-ში მდებარე ახლადრეაბილიტირებულ ბულვარში 55 ძირი ლეილანდის კვიპაროსის ჯიშის ხე დარგეს.
გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელი, ქუთაისში WRC თანამედროვე ტექნოლოგიების კლინიკისა და კლინიკა „მედიქალ სითის“ დამფუძნებელი სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და მისი მოადგილე სოსო ბურდულაძე.
ხეების შესყიდვა დააფინანსა ისრაელურმა კომპანიამ „სარე დეველოპმენტმა“, რომელმაც საქართველოში სამშენებლო სფეროში ინვესტიციის განხორციელება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „სარე დეველოპმენტის“ მფლობელის რეუვენ ბენ შემეშის მხარდაჭერით, საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში გაიხსნა ისრაელის კაბინეტი, ჰოლოკოსტის თემაზე ატარებს სტუდენტურ კონკურსს, რომლის გამარჯვებულებიც ისრაელის დედაქალაქს სტუმრობენ. რეუვენ ბენ შემეშის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ებრაული ბიბლიოთეკა, რომლის წიგნადი ფონდიც ათასს აჭარბებს.
„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, “ისრაელის სახლი“, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და მისი წევრი კომპანიები მიესალმებიან სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივებს, რომელიც სხვა მრავალთან ერთად, გამწვანებას და უბნების კეთილმოწყობას შეეხება.
„ვცდილობთ, შევიტანოთ ჩვენი მოკრძალებული წვლილიც, რომელშიც სისტემატიურად მონაწილეობენ „ისრაელის სახლის“ სტუმრები ისრაელიდან, მათ შორის პარლამენტარები, პოლიტიკოსები, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. სხვადასხვა ღონისძიებით, მათ შორის ბიზნესფორუმებით, ტურიზმის მხარდაჭერით, სახალხო დიპლომატიით, საქველმოქმედო თუ კულტურული აქციებით ჩვენ ვემსახურებით ორი მეგობარი ქვეყნის კავშირების გაძლიერებას“, - განაცხადა იციკ მოშემ.