მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსტვის" ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ბოლო პერიოდში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამერბერგის მისამართით კრიტიკული და შეურაცხმყოფელი განცხადებები სააკაშვილის პიარს ემსახურება.
მამრაძის ინფორმაციით, საფრანგეთის საელჩომ თბილისში გამოხატა თავისი იმედგაცრუება საქართველოს ხელისუფლების ამ განცხადებების გამო და სრული მხარდაჭერა აღუთქვა ჰამერბერგს მისი საქართველოში ჩამოსვლასა და მოქმედებასთან დაკავშირებით.
"ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამერბერგის მისამართით კრიტიკული და შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. პრეზიდენტ სააკაშვილის ნების ყურმოჭრილმა აღმსრულებლებმა ცნობილი საერთაშორისო მოღვაწე ცხინვალის რეგიონში დაკავებული ქართველი მოზარდების ბედის მიმართ ტენდენციურობასა და პასიურობაში დაადანაშაულეს. საგულისხმოა, რომ ეს განცხადებები კეთდება ჰამერბერგის საქართველოში მოსალოდნელ ჩამოსვლამდე რამოდენიმე დღით ადრე. აშკარაა, რომ სააკაშვილს სურს არა მოზარდების გათავისუფლება, არამედ არსებული ვითარების მაქსიმალურად გამოყენება საკუთარი პიარისათვის. საფრანგეთის საელჩომ თბილისში გამოხატა თავისი იმედგაცრუება საქართველოს ხელისუფლების ამ განცხადებების გამო და სრული მხარდაჭერა აღუთქვა ჰამერბერგს მისი საქართველოში ჩამოსვლასა და მოქმედებასთან დაკავშირებით", _ განაცხადა პეტრე მემრაძემ.
მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სააკაშვილის ბრძანებით მისი წარმომადგენლები უსამართლოდ აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ ცნობილ უცხოელ მოღვაწეებს, რითაც მამრაძის აზრით, დიდ ზიანს აყენებენ საქართველოს.
მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის გმობს პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მმართველი დაჯგუფების ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებას და მოითხოვს ამგვარი მოქმედების შეწყვეტას.
"ტალიავინის კომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა მძიმე დანაშაული ჩაიდინა. არ უნდა დავუშვათ, რომ სააკაშვილისა და მისი მმართველი დაჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულისა და უგუნური პოლიტიკის გამო, მთელი ერი დაისაჯოს. მადლიერები ვართ საქართველოს ყველა მეგობრისა, ვინც ყველაფრის მიუხედავად კვლავაც დახმარებას უწევს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს", _ აცხადებს მამრაძე.