ვიღაცამ სტატია დაწერა და შემდეგ დამნაშავის იარლიყი აჰკიდო ადამიანს, სწორი არ არის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„არ ვიცი, რა ინფორმაციაა და რა ფილმი გავრცელდა. ასეთი ინფორმაცია თუ არსებობს, როცა მოვიცლი, ბუნებრივია, ვნახავ, არ გამოვტოვებ. ზოგადად, როდესაც ადამიანი რამეში დამნაშავეა, ამას სასამართლო ადგენს. ქართული სასამართლო კი არა, ევროპული. ევროპულ სასამართლოში თუ ვიღაცამ საქმე აღძრა ან ვიღაცას უჩივლა. ევროპული სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლო არ არის. ამიტომ, წინასწარ თქმა, რომ ხომ ხედავთ, ვიღაცამ ეს სტატია დაწერა და მერე დამნაშავის იარლიყი აჰკიდო ადამიანს, სწორი არ არის. ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე თუ ამას რეალური საფუძველი აქვს, საკითხი სასამართლოში გადადის. ასეა მთელ ცივილიზებულ ქვეყნებში. შეიძლება, ჟურნალისტმა დაწეროს არასწორი რაღაც, მეორე მხარემ უჩივლოს და ისიც სასამართლოში წავიდეს. მე რა საკითხზე მეკითხებით, არ ვიცი, მაგრამ BBC-ს დონის ტელევიზიაში ნებისმიერი სიუჟეტი თუ არის შეცდომა და ცილისმწამებლური, ან ბოდიშს მოხდიან, ან სასამართლოში ჯარიმას გადაახდევინებენ. საბოლოო სამართლებრივ შეფასებას მაშინ მივცემ, თუ იქნება სასამართლოს ვერდიქტი. არ არის გამორიცხული, BBC-ს იქით უჩივლონ. უამრავი ასეთი შემთხვევა მომხდარა“, – აღნიშნა გოცირიძემ.
BBC-მ გაავრცელა მასალა, რომელშიც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა და გასაჯაროვებულია იმ ბიზნესმენების ვინაობა, ვინც ამ თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.