BBC აქვეყნებს ჟურნალისტური გამოძიების მასალებს, რომელშიც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა. BBC ასაჯაროებს იმ ბიზნესმენების ვინაობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.
BBC-ის ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ.
BBC-ის ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“.
როგორც BBC წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონის ჯგუფის“ სახელწოდებით. ნოემბერში BBC-ის გადამღები ჯგუფი თან ახლდა გერმანელ და ქართველ სამართალდამცველებს, რომლებმაც თბილისში სატელეფონო ცენტრებში ჩხრეკა ჩაატარეს.
BBC-ის ცნობით, არაერთი მტკიცებულების მოპოვება შეძლეს, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს მილტონის ბრენდებთან აკავშირებდა.
სტატიის მიხედვით, კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო სერვერს, რომლის მომხმარებლები მხოლოდ მილტონ ჯგუფის კომპანიები იყვნენ. BBC აღნიშნავს, რომ სხვა უძრავ ქონებასთან ერთად კეზერაშვილი ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო თაღლითური სატელეფონო ცენტრი.