სტამბოლის პროკურატურამ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah იუწყება.
აღნიშნულია, რომ ნეთანიაჰუს გარდა, დაპატიმრების ორდერი კიდევ 36 პირზეა გაცემული.
მათ შორის არიან ისრაელის მაღალი თანამდებობის პირები და სამხედრო ოფიცრები. ყველა ამ ბრალდებულს ღაზის სექტორში გენოციდის ჩადენა ედება ბრალად.
ისრაელმა არაერთხელ უარყო ასეთი ბრალდებები.
სექტემბერში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური კომისიის მოხსენებას ისრაელის მიერ ღაზის სექტორში გენოციდის ჩადენის შესახებ „დამახინჯებული და ცრუ“ უწოდა.
2024 წლის ნოემბერში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის მიმართ დაპატიმრების ორდერი გასცა, ღაზის სექტორში „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის დანაშაულებისთვის“.