პრეზიდენტმა დღეს 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე ძალიან ბევრი დამაზიანებელი განცხადება გააკეთა. პირველ რიგში, მისი გამოსვლა იყო რესტარტი პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„მან უაპელაციოდ მოახდინა იმის დეკლარირება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსსა და გზას. საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელი განცხადებებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებების მეინსტრიმში ჩაჯდა, რითაც ისინი 2011 წლიდან მოყოლებული, მუდმივად აპელირებდნენ საქართველოს და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ასევე, პირადად სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, როდესაც ის შემოგდებულ რუსულ აგენტად ჰყავდათ გამოცხადებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ამ ვითარებაში რელევანტური არ არის.
„პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა იყო არა პრეზიდენტის გამოსვლა რაღაც მიზინის კონსოლიდაციის მიზნით, არამედ იყო პრეზიდენტის გამოსვლა მიზნის დაზიანებისთვის. ამ მიზნის დასაზიანებლად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოყენებული ყველა ცნობილი მესიჯი აქტიურად გამოიყენა. ამით ყველაზე მთავარი შეასრულა, რომ პოლარიზაცია გაეღრმავებინა. იმპიჩმენტი ამ სიტუაციაში რელევანტური არ არის, რადგან კიდევ ერთხელ სწორედ იმ მიზნის შესრულებას არ დაეხმარება, რასაც პოლარიზაციის დასრულება ჰქვია. პრეზიდენტმა წითელი ხაზები შეიძლება არ გადალახა, მაგრამ რამდენჯერმე ფეხით გადასცდა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.