პორტუგალიის მიერ დაპირებული Leopard 2-ის ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია.
ამის შესახებ პორტუგალიის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ის გვერდზე წერს.
პორტუგალიამ უკრაინისთვის აღნიშნული ტანკების გადაცემა „სატანკო კოალიციის“ სხვა პარტნიორებთან ერთად შეათანხმა.
„Leopard 2A6-ის ტიპის სამი ტანკი, რომელთა გადაცემაც პორტუგალიამ პარტნიორებთან ერთად შეათანხმა, უკვე უკრაინაშია. პორტუგალია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც იბრძვის რუსეთის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
28 მარტს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ უკრაინაში უკვე ჩავიდა ბერლინის მიერ დაპირებული Leopard 2-ის ტიპის 18 ტანკი.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო ბრიტანული Challenger 2-ის ტიპის ტანკები.