საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მსხვილ მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ლილოს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზი) გაიმართა, გილაურმა ბიზნესმენებს ქვეყნის ახალი ეკონომიკური კურსი გააცნო.
"ინფრასტრუქტურის შექმნამ და ახალმა "საგადასახადო კოდექსმა" განაპირობა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში საგადასახადო კულტურა ჩამოყალიბდა და ამის თქმა უკვე შეგვიძლია. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს უკვე შეუძლია ახალი ერა დაიწყოს და კერძო სექტორთან მიმართებაში ახალი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს", - განაცხადა გილაურმა მეწარმეებთან შეხვედრაზე.
ამასთან, მისივე განმარტებით, თუ აქამდე მთავრობის მთავარი მიზანი "საგადასახადო კულტურის" დამყარება იყო, ახლა ეს იმაში მდგომარეობს, რომ "საგადასახადო კულტურა" ყველაზე სამართლიანი ინსტიტუტი იყოს საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ "ახალი კურსი" საგადასახადო კულტურის ამაღლებას, ასევე გადასახადების ადმინისტრირების გამარტივებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. მთავრობამ, ამ მხრივ, რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა, მათ შორის შეიქმნა ლილოს გეზი, რომელიც იმპორტიორებს პროდუქციის გაფორმებას უფრო გაუადვილებს.