აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია რუსეთისთვის პოლიტიკური და დიპლომატიური გზავნილია.
ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის შეტანის შეფასებისას აღნიშნა.
"დოკუმენტი არის ძლიერი შინაარსის და ფართო მხარდამჭერი, რომელიც კიდევ ერთხელ იქნება რუსეთისთვის პოლიტიკური და დიპლომატიური გზავნილი, რომ მიუხედავად ყველაფრისა აშშ არ აპირებს დათმოს ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც ათწლეულებია დამკვიდრებულია", - აღნიშნა მინაშვილმა.
ამასთან, დეპუტატის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს თანმიმდევრულ ზეწოლას რუსეთზე და ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველო მისი ახლო პარტნიორია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სენატი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს განიხილავს.
კონგრესის ზედა პალატაში რეზოლუციის პროექტი უკვე შეტანილია. მისი ავტორები ამერიკელი სენატორები არიან.
რეზოლუციის პროექტში ასახულია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თითქმის ყველა საკითხი, მათ შორის მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დეოკუპაცია და ეთნიკური წმენდა.
დოკუმენტში სენატორები მოუწოდებენ რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და ხელი შეუწყოს დევნილთა ღირსეულ დაბრუნებას.
რეზოლუციის პროექტში აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვეობა.