ჩვენს გუნდშიც იყვნენ ჯაშუშები, მათ ძალიან მძიმე როლი შეასრულეს სხვადასხვა ეტაპზე და დაგვაზიანეს, მაგრამ ყოველ ჯერზე მოვახერხეთ პრობლემებიდან სათანადოდ გამოსვლა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერ დიდ სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ პატარა სახელმწიფოში გარკვეული ტიპის ინტერვენცია განახორციელოს.
"ჯაშუშები არიან ქართულ პოლიტიკაში. საიდან არიან ისინი მართულები, ვინ არიან და ა.შ. ამას არ ვიტყვი. მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენს გუნდშიც იყვნენ თავის დროზე ასეთი ადამიანები და იყვნან ასევე ჯაშუშის ჯაშუშები ასე ვთქვათ, აგენტის აგენტები. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დიდ სახელმწიფოებს, შეიძლება ეს დიდი სახელმწიფო იყოს ბოროტი, შეიძლება იყოს კეთილი - ბოროტი და კეთილი არც არსებობს დიდ პოლიტიკაში, მაგრამ ნუ... მათ აქვთ, ბუნებრივია, საკუთარი ინტერესები, ნებისმიერ დიდ სახელმწიფოს აქვს იმის ინტერესი, რომ პატარა სახელმწიფოში გარკვეული ტიპის ინტერვენცია განახორციელოს და რა თქმა უნდა, მათ შორის, ეს ხორციელდება ჯაშუშების მეშვეობით.
მარტო ინფორმაციის გატანაზე არაა საუბარი, მათ [ქართულ ოცნებაში მყოფმა ჯაშუშებმა] ძალიან მძიმე როლი შეასრულეს სხვადასხვა ეტაპზე და ძალიან დააზიანეს ჩვენი გუნდი სხვადასხვა ეტაპზე. მაგრამ ყოველ ჯერზე მოვახერხეთ პრობლემებიდან სათანადოდ გამოსვლა", - თქვა კობახიძემ.