კანონპროექტის განხილვა ჯერ არ დაწყებულა და უკვე ვეტოს აცხადებს პრეზიდენტი ისე, რომ შინაარსი არ იცის, ეს ღიმილის მომგვრელია. თვითონ აცხადებდა საპრეზიდენტო კამპანიის დროს, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი. ასეთი რამ მარგველაშვილსაც კი არ უკადრია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„არ მგონია, პრეზიდენტს ჰქონდეს წაკითხული ან ამერიკული კანონი, ან რუსული, ან ეს კანონპროექტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი არ აქვს წაკითხული და ასე გააკეთა, ემოციურ ფონზე ეს განცხადება. მისი უფლებაა, ამაში ჩვენ ვერ შევალთ.პრეზიდენტს არაერთხელ უცდია, რომ შეგვიყვანოს მასთან კინკლაობაში, თუმცა ჩვენ მას კინკლაობაში, რა თქმა უნდა, არ ავყვებით, ეს არ არის ჩვენი მიზანი და ამოცანა.
საერთოდ არ არის კანონპროექტის განხილვა ჯერ დაწყებული და უკვე ვეტოს აცხადებს პრეზიდენტი ისე, რომ შინაარსი არ იცის, რა იქნება მიღებული და წინასწარ აცხადებს ვეტოს, ეს ღიმილის მომგვრელია. თვითონ აცხადებდა საპრეზიდენტო კამპანიის დროს, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი. ასეთი რამ მარგველაშვილსაც კი არ უკადრია, რომ განხილვებიც კი არ არის დაწყებული პარლამენტში და უკვე ვეტოს ადებს იმ კანონს, რომელიც მიღებული არ არის და საერთოდ ბუნებაში არ არსებობს. ანუ, კანონი არ არსებობს და არარსებულ კანონს ადებს ვეტოს“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს“.